Wednesday, January 18, 2012


დღის რეცეპტი – ტირამისუ (Tiramisu)!
როგორ დავამზადოთ ნამდვილი იტალიური კლასიკური დესერტი – ტირამისუ?!


You Tube-ში, სხვადასხვა საიტებზე თქვენ იპოვით ტირამისუს უამრავ რეცეპტს, დამზადების მეთოდიკას – რთულს და მარტივს... თუმცა მე მსურს მოგაწოდოთ კლასიკური იტალიური რეცეპტი, რომელის ვიდეოც ასევე აქ ავტრვირთე... დაამზადეთ ტირამისუ ამ რეცეპტით და თქვენ მიიღებთ საუკეთესო სარესტორნო ხარისხის ტირამისუს!!!

ტირამისუ (Tiramisu Italian spelling: Tiramisù), literally "pick me up") – რაც იტალიურიდან ქართულ თარგმანში ნიშნავს „ამწიე ზევით“ არის კლასიკური, იტალიური, მსოფლიოში ცნობილი დესერტი, რომლის ინგრედიენტებია: სავუარდის ბისკვიტები ესპრესოს ყავაში დარბილებული, კვერცხის გულისა და მასკარპონეს ყველის მიქსი გამდიდრებული ლიქიორით და მწარე კაკაო.


იტალიელები დღემდე დაობენ თუ რომელ რეგიონში შეიქმნა ეს უნიკალური დესერტი. ერთ–ერთი ვერსიით ის შეიქმნა ქ. ტრევიზოში (ვენეციის მახლობლად) რესტორანში Le Beccherie , სადაც შეფ–კონდიტერმა რობერტო ლინგუანოტომ (Roberto Linguabotto) - ეს დესერტი შექმნა თავისი ნათლულის და მოსწავლის (Francesca Valori –ს) საპატივსაცემოდ, რომლის მეორე სახელიც იყო ტირამისუ!

თუმცა მეორე ვერსიით – ის შეიქმნა ქ. სენაში და არსებობს კიდევ მესამე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ტირამისუ არის ინგლისელების ცნობილი დესერტის (Zuppa Inglese-ს) ანალოგი.

მოდით ეს ისტორიული დებატი დავუტოვოთ თავად იტალიელებს და 
ჩვენ უფრო ახლოს გავეცნოთ ტირამისუს დამზადების კლასიკურ რეცეპს.



ინგრედიენტები:

8 კვერცხის გული (ცილას არ ვიყენებთ!)
8 ს.კ.შაქარი

კარგად გავთქვიფოთ ეს მასა მიქსერით (ანუ დავამზადოთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი გოგლი–მოგლი), ხოლო შემდეგ ეს მასა გადავიტანონ ჯამში (სასურველია უჟანგავი ლითონის ჯამში) და დავდგათ ის ე.წ. ორთქლის ორმაგ აბანოზე! (იხილეთ ვიდეო J)
ხშირად ვურიოთ და ნელ–ნელა უნდა დავუმატოთ

½ ჭიქა მარსალას ღვინო
(ეს ღვინო არ იშოვება ჩვენს სუპერმარკეტებში, ამიტომ მე ის შევცვალე მოსანოს ბრენდის ნახევრადმშრალი ვარდისფერი საფერავით! შედეგი კარგი გამოვიდა!)

როდესაც მიიღებთ ერთგვაროვან (კრემულ) მასას – გადმოდგით ჯამი და აუცილებლად დაუყონებლივ გააციეთ კვერცხის მასა ცივი წყლით სავსე ნიჟარაში, ვინაიდან კვერცხი სითბოში აგრძელებს მზადებას და შესაძლოა მიღებული კრემული მასა აიჭრას!

 
ამ კრემულ მასას ჰქვია საბაიონე (Zabaione), რომელიც კლასიკური ტირამისუს რეცეპტის საფუძველს წარმოადგენს! მე აქვე მსურს აღვნიშნო, რომ არსებობს ტირამისუს დამზადების უამრავი მეთოდი (მათ შორის გაცილებით მარტივად დასამზადებელი),თუმცა ეს რეცეპტი არის კლასიკა და შედეგიც არაჩვეულებრივია! თქვენ ნამდვილად გააოცებთ თქვენს სტუმრებს!

ცალკე ათქვიფეთ ნაღები, სანამ არ მიიღებთ სქელ ერთგვაროვან მასას:

500 მლ თხევადი საკონდიტრო ნაღები (30%-35%) – შაქრის გარეშე!

ცალკე დიდ ჯამში (ასევე სასურველია უჟანგავი ლითონის ჯამში) გახსენით

750 გრ მასკარპონეს ყველი

დაუმატეთ მას საბაიონეს მასა და ურიეთ ნაზათ საკონდიტრო ნიჩაბით ან ხის კოვზით! შემდეგ დაუმატეთ ათქვეფილი ნაღების მასა.

ესპრესოს დამზადება:

4 დიდი ჭიქა ესპრესო + 4 ჩ.კ. ყავისფერი შაქარი + 1 ჭიქა მარსალას ღვინო (ან ჩემს მიერ შემოთავაზებული საფერავი როზე) + 50 გრ კალუა (Kahlua).

ტირამისუს აწყობა:

სასურველია კერამიკულ ჭურჭელში ააწყოთ თქვენი ტირამისუ და შემდეგ პურციულად დაჭრათ, თუმცა თუ აპირებთ ინდივიდუალური დესერტის დამზადებას, მაშინ თავიდანვე ააწყვეტ ყოველი ინდივიდუალური დესერტი ტქვენთვის სასურველ სადესერტე ჭურჭელში!

ამ რაოდენობის ტირამისუს ასაწყობათ, ტქვენ დაგჭირდება

1 შეკვრა სავიარდის ბისკვიტები!

დიდ კერამიკულ ჭურჭელში უნდა ააწყოთ 2 ფენა:

I ფენა და II ფენა ერთმანეთის მსგავსია: ჯერ ესპრესოში დანამული სავუარდის ბისკვიტები და შემდეგ ტირამისუს კრემი. გადააფარეთ კერამიკულ ჭურჭელს ფოლგა და შედგით 24 საათით მაცივარში!

 
მირთმევის წინ მოაყარეთ მწარე, იმპორტირებული, მაღალი ხარისხის კაკაო. სურვილისამებრ ოდნავ დაფქვილი ყავა და ოდნავ შოკოლადი. თუმცა კლასიკური რეცეპტით საჭიროა მხოლოდ მწარე კაკაო!



 მიირთვით გემრიელად! 



No comments:

Post a Comment